
ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ლილო არენასთან გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც 17 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა.
ავტომრბოლელი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, “გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს, ერთმანეთის სიცოცხლეს”.
,,სრულიად განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო და ვერ აგიღწერთ, რა სიღრმის ტკივილია ეს თითოეული ოჯახისთვის, ვინც ყველაზე საყვარელ ადამიანს კარგავს.
არ ვიცი, როგორი ფორმით შეიძლება მივუსამძიმრო ამ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს იმიტომ, რომ ჩვენთვის მაშინაც და დღემდე, ნებისმიერი სამძიმარი გულში ახალი დანის ჩარტყმას ჰგავდა და ისევ ჰგავს.
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე და რით შევაჩერო ეს ქუჩის მკვლელობები. ყველგან, სადაც კი შანსი მაქვს, ძალას და მონდომებას არ ვაკლებ, რომ ავუხსნა ადამიანებს, თუ რით შეიძლება დასრულდეს მათი ნებისმიერი არასწორი ქმედება საჭესთან.
უკვე ისიც კი მგონია, რომ განგებამ ბრძოლა პირადად გამომიცხადა, რადგან ეს შემთხვევა ლილო არენასთან 200 მეტრში მოხდა. ორასიოდე მეტრში იმ ადგილისგან, რომელიც იმიტომ შევქმენით, რომ ქუჩის რბოლები დაცულ სივრცეში გადაგვეტანა.
ყველას ისევ გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს, ერთმანეთის სიცოცხლეს რადგან არ ვიცით როდის როგორი ფორმით შემოგვიბრუნდება ჩვენი არასწორი საქციელი და თუ შეცდომა უკვე დავუშვით როგორც არ უნდა ვეცადოთ დროს უკან ვეღარ გადავახვევთ”, წერს სოციალურ ქსელში მევლუდ მელაძე.
0
0