„ერთი სურვილი მაქვს, რომ მეორედ არ მოხდეს ეგეთი რაღაც და აღარ განმეორდეს, რომ ახალგაზრდა გოგო დაიღუპოს რაღაც ნარკოტიკით“ – თქვა გარდაცვლილი მოდელის ძმამ, რომელიც ღამის კლუბ „ბასიანთან“ მამა შალვა კეკელიას მიერ გადახდილ პარაკლისზე მივიდა.
შალვა კეკელიამ „ბასიანთან“ ნარკოტიკების მიღების კიდევ ერთ მძიმე მაგალითზე ისაუბრა.
„გუშინწინ მქონდა შემთხვევა, ჩემთან მოვიდა გოგონა, რომლის ძმაც რუსთავის საგიჟეში წევს იმის გამო, რომ აქ, ამ კლუბში მიიღო კლუბური ნარკოტიკი და ჭკუიდან შეიშალა, იმიტომ, რომ ზოგი ვერ იტანს, ფსიქოლოგია არ აქვს ისეთი ადამიანს. აქ მიიღო ის ნარკოტიკი. თავის მეგობართან ერთად შევიდა, შიგნით შეთავაზეს ნარკოტიკი, შეიძინეს ეს ნარკოტიკი, მიიღო კლუბური ნარკოტიკი და დღეს ჭკუიდან შეშლილია ადამიანი, რომელიც იყო ძალიან მაგარი ბიჭი, პროგრამისტი და ასეთი არის ძალიან ბევრი შემთხვევა. როცა კლუბი გვეუბნება, ეს ჩვენი ბრალი არააო, როგორ, მე რომ ადამიანს სახლში მოვიწვევ ჩემთან და საჭმელს საწამლავს შევურევ, ჩემი ბრალი არ იქნება?“, - თქვა შალვა კეკელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პრობლემასთან ყოველდღიურად უწევს შეხება.
„მე ამას ყოველდღე ვეხები. ყოველდღე ვეხები დედებს, ცოლებს, შვილებს, რომლებსაც განადგურებული ჰყავთ შვილები და ოჯახები. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ყოველდღე ვისაუბროთ ამაზე. ასე აღარ შეიძლება. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ ჯანსაღი თაობა გვჭირდება“, - აღნიშნა კეკელიამ.
ცნობისთვის, თბილისში, 23 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, გოგონა კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე გახდა შეუძლოდ, საავადმყოფოში კი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შსს-მ საქმე 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
0