24/10/2024
12:20
პოლიტიკა
„ადამიანი, რომელმაც ქვეყანა იყიდა“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Politico. პუბლიკაცია ეძღვნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სტატიაში უწოდებს „ყველაზე მდიდარ ადამიანს საქართველოში, რომელიც 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ თავის ქვეყანას რუსეთისკენ იხრის“.
„ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ პოპულისტურ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, თითქმის, უდაო გავლენა აქვს ხელისუფლებაზე. მისი კრიტიკოსების თქმით, პარტიული კანონმდებლები და მინისტრები ვალდებულნი არიან, ერთგულება მხოლოდ თავად ივანიშვილის წინაშე გამოხატონ. რამდენადაც საქართველო ემზადება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, როგორც მკვეთრ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ივანიშვილს სულ უფრო მეტად აღიქვამენ ძალად, რომელიც საქართველო ევროკავშირის ორბიტიდან გამოიყვანს მოსკოვის დასამშვიდებლად.
Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა.
„მოკრძალებული დასაწყისიდან ქართველმა ახალგაზრდამ წარმოუდგენელ კეთილდღეობას მიაღწია ელექტრონიკის გაყიდვით და საბოლოოდ დააარსა საკუთარი ბანკი, რუსული კრედიტი, რომლის სათაო ოფისი მოსკოვშია“, - წერს გამოცემა.
სტატიაში საუბარია ივანიშვილის ძმის გატაცების ეპიზოდზე. მაშინ „ქართული ოცნების“ მომავალმა დამფუძნებელმა დაცვისთვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.
„და როგორც კი დაიწყებ თანამშრომლობას მთავრობასთან, ან უშიშროების სამსახურებთან, ისინი არასოდეს გაგიშვებენ თვალთახედვიდან“, - თქვა ირინა ბოროგანმა, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წამყვანმა ექსპერტმა გამოცემასთან ინტერვიუში.
Politico იხსენებს ივანიშვილის ბოლო გამოსვლებს: ოპოზიციის აკრძალვის დაპირებებს, დასავლეთის კრიტიკას, განცხადებებს „მეორე ფრონტის“ და „გლობალური ომის პარტიის“ გახსნის შესახებ.
„საქართველოს უმდიდრესი კაცისთვის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა უკან დახევა არ იქნება... თუმცა, რიგითი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც კეთილდღეობასა და პიროვნულ თავისუფლებაზე ოცნებობენ, სიტუაცია განსხვავებულია. მართლაც, მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი თავისი შემოსავალით ვალდებულია ივანიშვილის მფარველობის სისტემისადმი, ბევრი სხვა ეყრდნობა განვითარების დახმარებას და ინვესტიციებს შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან“ - წერს Politico.
0
0