
ბრენდი “ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა” მალე ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება. “ნაჭრელები” ტრადიციული ხევსურული წესით მოქარგული აქსესუარებია, რომელთა გამოყენება თანამედროვე ყოველდღიურობაშია შესაძლებელი.
“ძველი ხევსურული ყველა წესის დაცვით სრულიად სხვადასხვაგვარ აქსესურას ვამზადებ - თმის აქსესუარებს, ყელსაბამებს, გულისპირებს, ქამრებს, ჩანთებს. ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ერთერთი მსხვილი ქართული, გადამზიდი კომპანიის “ბარამის” მიერ დაგეგმილ მაღაზიაში “ნაჭრელა” გაიყიდოს. პირველი რამდენიმე ნივთი უკვე უახლოეს დღეებში გაემგზავრება ფილადელფიაში და ალბათ, მარტის ბოლოს იქ მცხოვრები ქართველებსა და ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ მარაზიაში ქართული ნაკეთობები შეიძინონ. ქართულ ბაზარზე კი “ნაჭრელას” უმეტესად ონლაინ ვყიდი”, - ამბობს “ნაჭრელას” დამფუძნებელი მანანა მჭედლიშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში “სავაჭრო-სამრეწველო პალატის” პროექტის დახმარებით ბრენდს საკუთარი ვებგვერდი ექნება, რომელსაც გარდა კომერციული მიზნებისა, ტრადიციული ხევსურული ნაქარგობის პოპულარიზაციისთვისაც გამოიყენებს.
“სხვა მსგავსი პროდუქციისგან ჩემს “ნაჭრელებს” გამოარჩევს ის, რომ ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები მაქსიმალურად ახლოს იყოს უძველესი წესით შესრულებულ, ავთენტურ ნაქარგობასთან და ყოველდღიურობაში დამკვიდრებით გადავარჩინო ეს უძველესი ხელოვნება. სწორედ ამავე მიზნით უკვე დავიწყე მასალების შეგროვება, რომლებიც ხევსურული ნაქარგობის არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში შესატანად არის საჭირო”, - აღნიშნავს მანანა მჭედლიშვილი.
0
0