
“საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან დღემდე 200 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი გაგზავნა უკრაინის მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის - „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა.
ქართული კომპანიების მხარდაჭერით შეგროვდა 40 ტონამდე პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია. ამავე კამპანიის ფარგლებში დამატებით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი, 10 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში. ორივე ჯერზე ტვირთების ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო.
ამასთან, „საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან დღემდე ფიზიკური პირებისგან მიიღო და უსასყიდლოდ გაგზავნა 6 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები უკრაინის მიმართულებით.
0
0