
დედაქალაქი დღეს და ხვალ „თბილისობას” აღნიშნავს.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში თბილისობას გამოეხმაურა და დაწერა:
"30 სექტემბერს თბილისობაა"მაინც, რა არის ის ფენომენი, რასაც ჰქვია "თბილისი და თბილისელობა"
ჩვენი მშობლების წინა და შემდგომა თაობამ კარგად იცის, რას ნიშნავდა ცნება, ნამდვილი თბილისელობა.
ეს იყო სინონიმი:
ვაჟკაცობის,
ზრდილობის,
თავაზიანობის,
უფროს-უმცროსობის,
ქალის მიმართ მოკრძალებისა და პატივისცემის გამოხატვის.
მათ ზოგადად, რაინდული თვისებები გამოარჩევდა.
მაგალითად, თუ მამაკაცი ქალთან ერთად მიდიოდა, არ არსებობდა, ვინმეს მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა ქალის თანდასწრებით, როგორი მტრობაც უნდა ჰქონოდათ ერთმანეთში.
არასდროს დაუშვებდნენ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრის ფაქტს.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მიმართ იჩენდნენ შემწყნარებლურ და ტოლერანტულ დამოკიდებულებას, რასაც დღეს დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაცია მოითხოვს ჩვენგან.
ქართველებს ეს ნამდვილად არ გვესწავლება სხვებისგან და ამის თვალსაჩინო მაგალითია მეიდანი _ აქ ქართული, ებრაული, მუსლიმანური, კათოლიკური და სხვა აღმსარებლობის ტაძრები ერთ კვადრატულ კილომეტრშია თავმოყრილი, თითქმის ერთმანეთის გვერდიგვერდ და ყველა ტაძარი არის მოქმედი, თითოეულში მიმდინარეობს წირვა-ლოცვა.
ჩვენს ქვეყანაში 78-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და მათ არავინ ავიწროებს.
მრავლდებიან და ქმნიან ოჯახებს. ძველ თბილისელებს კარგად ახსოვთ ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოები, მაგრამ მე მათ თბილისურ ეზოებს დავარქმევდი.
ამ ეზოებში თანაცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, ქურთები, ოსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ებრაელები, რუსები, უკრაინელები, პოლონელები, გერმანელები და ა.შ.
ამ ეზოებში თითქმის ყველაფერი საერთო იყო.
საჭმელსაც კი რიგრიგობით ამზადებდნენ ოჯახები და მერე ყველა ერთად მიირთმევდა.
აქ ყველა ერთ ენაზე _ ადამიანურ ენაზე საუბრობდა, რაც ყველასთვის გასაგები იყო.
თბილისელობა ერთმანეთის გატანასაც ნიშნავდა.
როცა ერთ ოჯახს გაუჭირდებოდა,დანარჩენები მხარში ედგნენ და ეხმარებოდნენ მანამ, ვიდრე ოჯახი გაჭირვებიდან არ გამოვიდოდა.
საერთოდ, ცნებას თბილისელობა არაერთმა თბილისელმა ჩაუყარა საფუძველი, თავისი ვაჟკაცური, ჯენტლმენური თვისებებით.
ასეთი ადამიანების ჩამოთვლას აქ შეგნებულად არ შევუდგები...
აქვე მინდა განვავრცო თემა: რას ნიშნავს ჭეშმარიტი თბილისელობა
ეს ნიშნავს სხვისი ფასეულობებისა და ტრადიციების დაფასებას.
იმ კუთხის პატივისცემას, სადაც ჩადიხარ...
აი ჯერ ეს თვისებები გაითავისეთ ზოგ-ზოგიერთებმა და მერე გველაპარაკეთ თბილისზე და თბილისელებზე
თბილისობას გილოცავთ ნაღდებო - წერს ოქიტაშვილი.
0
0