
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, რუსეთში, ვლადიმერ კარა-მურზასთვის მისჯილ, 25-წლიან პატიმრობას გამოეხმაურა:
“მოსკოვის საქალაქო სასამარლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუს დემოკრატ ვლადიმერ კარა-მურზას.
🔴 ვინ არის ვლადიმერ კარა-მურზა?
ვლადიმერ კარა-მურზა ბორის ნემცოვის უახლოესი თანამებრძოლი და მისი პოლიტიკური მოწაფე გახლდათ. იგი ცნობილ რუს ლიბერალ პოლიტიკოსთან ერთად აქტიურად საქმიანობდა “მემარჯვენე ძალთა კავშირსა” და პარტია “პარნასში”. თუ ნემცოვი სახალხო ლიდერის და ტრიბუნის როლს ასრულებდა, კარა-მურზა რუტინული, ბიუროკრატიული შრომით ზურგს უმაგრებდა პოპულარულ პოლიტიკოსს.
ნემცოვის მკვლელობის შემდეგ კარა-მურზას არ შეუწყვეტია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. იყო “ღია რუსეთისა” (ხოდორკოვსკი) და “თავისუფალი რუსეთის” (რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაცია) აქტიური წევრი და ლიდერი. რუსი ლიბერალები და დემოკრატები მას ხშირად მოიხსენიებენ რუსეთის ოპოზიციის “საგარეო საქმეთა მინისტრად”, რადგან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის კონგრესთან, ევროპულ პარლამენტებთან და სხვა დასავლურ ინსტიტუტებთან, რომელთაც ანტიპუტინისტური ბრძოლის შესახებ მოუთხრობდა.
🔴 რა მიიჩნევა კარა-მურზას მთავარ დამსახურებად?
კარა-მურზამ უდიდესი ძალა და ენერგია შესწირა ე.წ. “მაგნიტსკის სიის” შედგენასა და სიის წევრთათვის სანქციების დაწესებას.
შეგახსენებთ, სერგეი მაგნიტსკი რუსი ფინანსისტი გახლდათ. მან სახელმწიფო სტრუქტურების წარმოამდგენლები ეროვნული ბიუჯეტიდან სახსრების უკანონო მითვისებაში ამხილა, მიაკვლია კორუფციულ სქემებს, რომელთა საშუალებითაც მაღალი თანამდებობის პირები კოლოსალური რაოდენობის რესურსებს იპარავდნენ. პუტინის რეჟიმმა მაგნიტსკი დაიჭირა და 2009-ში წამებით მოკლა ციხეში.
2012 წელს კარა-მურზას, ნემცოვისა და სხვების დიდი ძალისხმევის შემდეგ აშშ-ს კონგრესმა მიიღო “მაგნიტსკის აქტი” და ფინანსისტის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებს, რეჟიმის სხვა წარმომადგენლებს არაერთი უმკაცრესი სანქცია დაუწესა. იმავე შინაარსის აქტი მიიღეს გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ, ბალტიის ქვეყნებმა…
მოგვიანებით “მაგნიტსკის სიაში” სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერები და ბიუროკრატებიც შეიყვანეს.
მოკლედ, კარა-მურზამ რუსეთის მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს წევრები საერთაშორისო მასშტაბით ამხილა და მათ შევიწროვებას შეუწყო ხელი.
🔴 როგორ იძიეს შური კარა-მურზაზე?
2015 და 2017 წლებში ოპოზიციონერი ორჯერ მოწამლეს. ორივე შემთხვევაში მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ორივე შემთხვევაში შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება და სამშობლოში დაბრუნდა.
🔴 ამჟამად რას ედავებიან კარა-მურზას?
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პუბლიცისტი დაუნდობლად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ამხელს პუტინის ხელისუფლებას. დაკავებამდე ხშირად გამოდიოდა დასავლური ტელევიზიებით, სტუმრობდა მსოფლიოს ფორუმებს. 2022 წლის მარტში სიტყვით გამოვიდა არიზონას წარმომადგენელთა პალატის წინაშე… 2022 წლის აპრილში დააკავეს მოსკოვში საკუთარ სახლში, ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ.
მას ბრალი ედება: 1. რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში; 2. არასასურველ ორგანიზაციებთან (უცხოეთის აგენტზე უარესი სტატუსი) თანამშრომლობასა და 3. სამშობლოს ღალატში (დეტალებს საიდუმლო გრიფი ადევს).
🔴 რუსული ცინიზმი
კარა-მურზას საქმის მოსამართლე “მაგნიტსკის სიაში” ირიცხება ანუ სანქცირებულია.
✊️ სოლიდარობა ვლადიმერ კარა-მურზას.
ანტისოციალისტია, მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობის ღირსეული, მამაცი მებრძოლია! მისი თავდადება დაფასებას იმსახურებს.” - წერს ლევან ლორთქიფანიძე.
0
0