-share.jpg)
“მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, “ოცნება” არჩევნებზე საკმაოდ ძლიერი პოზიციებით გადის და ოპოზიციისთვის ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა...” - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ "კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე საინტერესოა, “ნაცმოძრაობის” დასუსტების პროცესი როგორ აისახება დანარჩენ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
"ვფიქრობ, ეს აჩენს პერსპექტივებს დანარჩენი შედარებით მსხვილი ოპოზიციური მოთამაშეებისთვის, იმიტომ, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც “ნაცმოძრაობით” იმედგაცრუებულია, წესით, უნდა წავიდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, შინ დარჩეს. თუ ასე მოხდა, ამან შეიძლება ისევ და ისევ “ქართული ოცნება” ახეიროს და იმაზე მეტი დეპუტატის შეყვანა მოახერხოს პარლამენტში, ვიდრე ახლა ჰყავს”, - განმარტავს ექსპერტი.
ხათუნა ლაგაზიძე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ასევე საინტერესო იქნებოდა გვარამია-მელიას კომბინაცია”.
“კიდევ უფრო საინტერესო იქნება, მელია წავა თუ არა თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ცენტრებთან. მაგალითად, გახარიას პარტიასთან, “ლელოსთან” ან ზურა-“გირჩის” და ხოშტარიას დუეტთან? მოკლედ, საითაც წავა “ნაცმოძრაობისგან” ჩამოშლილი ამომრჩეველი და გააძლიერებს პარტიას თუ გაერთიანებას, ამ უკანასკნელს სულ მცირე, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტიას გაუჩენს... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუ ის გადაწყვეტს წინასაარჩევნოდ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, არა მგონია, ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაიჭიროს საქმე, არ გამოვრიცხავ, თუ რაღაც დიდი გაერთიანება შედგება, იქ ვიხილოთ. მოკლედ, ზემოხსენებულ ოპოზიციურ პარტიებს ორი შანსი აქვთ: ან გაზაფხულისთვის საკუთარი ამომრჩევლის გამსხვილებაზე უნდა იზრუნონ იმგვარად, რომ გარანტირებული 8% მაინც ჰქონდეთ რეიტინგი გამოკითხვებით, ან არადა, გარდაუვალ გაერთიანებაზე უნდა წავიდნენ. ვნახოთ, ეს გაზაფხულზე უფრო ნათლად გამოჩნდება”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე ”კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
0
0
მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
08/05/2025