
ტოლერანტობის ცენტრის დირექტორი, ეკა ჭითანავა სოციალურ ქსელში წერს:
"❗️პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიზანმიმართულად ესხმის თავს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს და მის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს.
❗️ტოლერანტობის ცენტრს, ბექა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაში. სწორედ ტოლერანტობის ცენტრის კოორდინაციით ფუნქციონირებს ორი უნიკალური პლატფორმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები. ხელისუფლების ქმედებები მიანიშნებს, რომ ის სწორედ ამგვარ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ სივრცეს ებრძვის.
❗️აბსოლუტურად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, Პოლიტიკური მიზნებისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება და ე.წ. რუსული კანონის თემის ხელახალი აქტუალიზაცია.
❗️მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის კამპანია, მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევა და ავტორიტარული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების მცდელობა." - წერს ჭითანავა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.
პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".
მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".
პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და აცხადებს, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".
ის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.
0
0