
ოპოზიციონერი დეპუტატი ანი წითლიძე სახალხო დამცველობის კანდიდატს, დეპუტატ ლევან იოსელიანს მოუწოდებს, დაეხმაროს კომიტეტიდან გამოძევებულ დეპუტატებს სხდომაზე დაბრუნებაში.
„დაგვეხმარეთ დეპუტატებს, შევიდეთ კომიტეტის სხდომაზე, მინდა დავესწრო სხდომას. მაინტერესებს, თქვენ, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, გგონიათ, რაც ხდება კომიტეტზე არის ლეგიტიმური?“ - ჰკითხა ლევან იოსელიანს ანი წითლიძემ.
პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა კი უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ საკომიტეტო სხდომაზე.
„რა თქმა უნდა, დეპუტატებს აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას და ჩემი აზრით, მათი გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო იმიტომ, რომ ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს. დეპუტატები უნდა იყვნენ დაშვებული კომიტეტის სხდომაზე და გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა. შევეცდები ვიშუამავლო მათ დაბრუნებაში, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ეს ჩემი შუამავლობა შედეგით დასრულდება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, ეს ადამიანები დაბრუნდნენ კომიტეტის სხდომაზე.
რაც შეეხება კანონს, ამაზე ორი აზრი არ არის, აღარ დარჩა არცერთი სოციალური ჯგუფი საქართველოში, ვინც ძალიან დიდი პროტესტი არ გამოხატა ამ კანონის მიმართ. ეს კანონი ღირსებას ულახავს უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს, აცხადებს მათ ჯაშუშებად. ამ კანონმა, შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმართოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ვენეციის კომისია გამოაგზავნის უარყოფით დასკვნას“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
0
0