ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
პეკინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
"დღეს საქართველო არის თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის თავისი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ევროპულ ოჯახში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გარდამტეხ ეტაპად უნდა ჩაითვალოს 2023 წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რამაც კიდევ უფრო დიდი პერსპექტივები მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას. საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აცხადებს საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.
"ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი თავისი მონდომებით, სიბრძნითა და დაუღალავი ძალისხმევით, ნათელ მომავალს შექმნის. საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადასვლამ განაპირობა სწრაფი პროგრესი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად, 2023 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობამ პირველად გადააჭარბა 2 მილიარდ აშშ დოლარს. ასევე, მნიშვნელოვანია,რომ ჩვენი ორმხრივი სავიზო შეთანხმება ძალაში ორი დღის წინ შევიდა. შეთანხმება საშუალებას აძლევს ჩვენს ხალხს ეწვიონ ერთმანეთის ქვეყნებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ხალხთაშორის კავშირებს. ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას," - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუნ ვეიტუნგი.
0
0