გორში, “ახალბაღში”, სტალინის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” წერს და ფოტო აქვეყნებს.
""ახალბაღის" განახლების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტალინის ძეგლსაც.
პროექტის მიხედვით, გაიწმინდა და დამუშავდა ქანდაკების პედესტალის მარმარილოს ფილები და უშუალოდ ძეგლი, ასევე პროექტი ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც." - წერს “მოზაიკა”.
ფაქტს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად, ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლი "ახალბაღიდან" საერთოდ უნდა აეღო.
საინიციატივო ჯგუფმა არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ საჯარო სივრცეებიდან სტალინის ძეგლები და მონუმენტები აეღოთ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ამ ფორმით ცდილობენ სტალინის კულტის გაძლიერებას.
"დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ მიიღო, რაც გულისხმობს, რომ ძეგლები, ბარელიეფები, კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური ძეგლები და მონუმენტები აღმოფხვრილი უნდა იყოს ქვეყანაში. წლების განმავლობაში, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვთ და მივმართავთ, რომ აღასრულონ კანონი, თავისუფლების ქარტია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით რეაგირება არ არის და ჩვენ ვხედავთ, რომ იმის მაგივრად, რომ კანონი აღასრულონ, პრორუსული ძალები არიან გააქტიურებულები," - ამბობს საინიციატივო ჯგუფ "მაროს" წევრი, თეონა ფანქველაშვილი.
0
0