26/04/2024
22:22
პოლიტიკა
არა რუსულ კანონს – ამ სახელწოდებით 30 აპრილს, პარლამენტთან 19:00 საათზე მორიგი აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა 30 აპრილს, პირველ მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს გაიმართოს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს.
“30 აპრილს, 19:00- საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას . საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!” – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის ჩაინიშნა.
0
0