
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა რუსი პოლიტიკოსი ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელების თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავს, რაც კრემლის პოზიციებს ეწინააღმდეგება.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ვიქტორ ბონდარევის თქმით, უკრაინას არ აქვს „არც რესურსი და არც სამხედრო პოტენციალი“ ყირიმის დასაბრუნებლად; რუსი დეპუტატი ანდრეი გურულიოვი კი მოსკოვს მოუწოდებს, გაითვალისწინოს, რომ არსებობს უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ნატოს მხარდაჭერით.
რუსი დეპუტატის მიხაილ შერემეტის განცხადებით, უკრაინის ჯარები "საბოლოოდ განადგურდებიან", თუ ისინი ყირიმზე შეტევას განახორციელებენ.
ოდესღაც რუსეთის იმპერიის სამკაულს - შავ ზღვაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას - ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც მოიცავს გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის დროს და 2014 წელს მის ანექსიას ვლადიმერ პუტინის მიერ. თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაპირველად ფრთხილი იყო - საჯაროდ გამოეხატა თავისი ამბიციები ზღვისპირა ტერიტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა ომი გაგრძელდა და უკრაინელებმა უფრო და უფრო მეტი გამარჯვება მოიპოვეს ბრძოლის ველზე, ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა: ყირიმი უკრაინაა და მისი შეიარაღებული ძალები ნახევარკუნძულს დაიბრუნებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვოლოდიმირ გავრილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალები შესაძლოა ყირიმში დეკემბრის ბოლოს დაბრუნდნენ და რუსეთთან ომი გაზაფხულზე დასრულდეს. მისი თქმით, ყირიმის აღება „მხოლოდ დროის საკითხია“ და „ამაში შეიძლება დაგვეხმაროს „შავი გედის“ თეორია - რაღაც არაპროგნოზირებადი მოვლენა - რომელიც შეიძლება რუსეთში მოხდეს [იგულისხმება პუტინის რეჟიმის უეცარი დამხობა].“
"ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ყირიმში, მაგალითად, დეკემბრის ბოლომდე. არ არის გამორიცხული, რომ ასე მოხდეს", - დასძინა მან.
იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საჰაერო ვიცე-მარშალმა შან ბელიმ Sky News-ს განუცხადა: „ყირიმი რუსეთის ისტორიაში დიდ როლს ასრულებდა და, შესაბამისად, რუსეთს არასოდეს სჯეროდა, რომ ყირიმი რუსული არ იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნახევარკუნძულზე დარჩენილი და შემდგომ შექმნილი თავდაცვითი პოზიციები მას ძალიან რთულ სამხედრო ობიექტად აქცევს. აშშ-ის უმაღლესი რანგის თავდაცვის ორგანომაც აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის სამხედრო ძალით დაბრუნების შანსი პერსპექტივაში ძალიან, ძალიან მცირეა.”
შან ბელიმ დასძინა, რომ ომის ამჟამინდელ ფაზაში უკრაინის უპირატესობას დასავლეთის იარაღი განაპირობებს, რომელიც შეუზღუდავად ვერ მიეწოდება. „მაგრამ აქ ძირითადი კითხვა ჩნდება, განაგრძობს თუ არა ზელენსკი ბრძოლას და, ყირიმის აღების უშედეგო მცდელობით, პოტენციურად დაკარგავს თუ არა ათეულობით, შესაძლოა ასობით ათას უკრაინელს? ის, ალბათ, ამას არასდროს გააკეთებს. ან დგება ის მომენტი, როდესაც ის [ზელენსკი] რეალურად უნდა გახდეს სახელმწიფოს ისეთი ლიდერი, რომელიც წარმოუდგენლად რთული კომპრომისების წინაშე დგება - დაკარგოს ცოტა ტერიტორია, მაგრამ შეინარჩუნოს თავისი ქვეყანა და სანაცვლოდ მიიღოს დასავლეთის მხარდაჭერა მისი აღდგენისთვის - ქვეყნისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომელიც მას ასე სჭირდება,“ - თქვა ყოფილმა საჰაერო ვიცე-მარშალმა.
0
0