-share.jpg)
ზურაბიშვილს აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეები იმ დავალებების შესასრულებლად, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სესიაზე განაცხადა.
„მოკლედ მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს, გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას დასჭირდა თვეები იმისათვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეები იმ დავალებების შესასრულებლად, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება/ ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს LCI-სთან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.
0
0