
აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება. ეკა ბესელიას განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და ოფიციალური ცნობითაც დადასტურებულია დაზიანება.
ეკა ბესელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
„მცირე ნაწილი გადაღებული აქვს პრეზიდენტის თანმხლებ პირს და შენახული აქვს ვიდეო, სადაც, სულ მცირე, ორი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ამ კადრებში ჩანს, შესაძლებელია მეტისაც. იქ იყო ათზე მეტი ადამიანი. არცერთი პოლიციელი არ იდგა, არც იქამდე, არც თავდასხმის მომენტში და არც შემდგომ, რაც მიანიშნებს, რომ წინასწარ შეთანხმებული იყო. როგორც წესი, იქ მუდამ პატრულირებს პოლიციის სხვადასხვა ჯგუფი. მათ შორის დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც ელოდებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, მათაც სცადეს მიმართვა პოლიციისთვის, მაგრამ არავის რეაგირება არ გაუკეთებია, არავინ ჩანდა. სახეზე რამდენიმეს თანმხლები პირებიც იცნობენ. ოთხი ადამიანი ახლდა პრეზიდენტს, ოთხივე მათგანი არის დასაკითხი. მივუთითეთ ოთხივე მათგანის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. სახის არეში აღენიშნებოდა ვიზუალურადაც და შემდგომ ვთხოვეთ სამედიცინო გამოკვლევა. ჩვენი თხოვნით გუშინვე ჩაიტარა და სამედიცინო დაწესებულებამ გასცა ოფიციალური ცნობა, რაც ახლა მე დავურთე ამ საჩივარს. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. სახის არეში როცა ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს სახიფათო, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო, ეს ითვლება სახიფათო ზონად და ამიტომ გაცილებით უფრო მკაცრია ასეთ დროს კანონმდებელი. საგნების სროლა პრეზიდენტის მიმართ, წინასწარ ორგანიზებულად თავდასხმა, რადგან მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს, ამისთვის არის ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა ცალკე დაემატება ის, რომ დაზიანება რადგან აღენიშნება, ეს ცალკე მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, რაც უდავოდ ქმნის გამოძიების დაწყების აუცილებლობას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
0
0