
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრე კრევო-ასათიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ალექსანდრე კრევო ასათიანის თქმით, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, ოპოზიციაში წასულიყო, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო დღეს ძალიან რთულ გზაზე დგას.
„ვინც ჩემი ასაკისაა, ყველა დაიბადა ისეთ საქართველოში, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა და სამწუხაროდ, ეს გზა დღეს თითქმის აღარ ჩანს. ხალხში ჩანს, მაგრამ მთავრობისკენ ეს გზა აღარ ჩანს. ჩავთვალე, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იყო, აქტიურად მემუშავა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ამასთან, ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„სინამდვილეში როცა იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, თვითონაც აქვს რამდენჯერმე ნათქვამი, რომ ახლა ეს მთავრობა როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ძალიან ცუდი. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, გვისაუბრია. ეს იმედი სულ მქონდა და დღემდე მაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.
კითხვაზე, გგონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ალექსანდრე კრევო-ასათიანი პასუხობს: „კი, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, ქალბატონ სალომესაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ვფიქრობ, თვითონაც ნელ-ნელა ხედავს, რომ ეს საჭიროება დადგება“.
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში მრჩევლად ალექსანდრე კრევო-ასათიანი 2018 წლის 24 დეკემბერს წარადგინა. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობა დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა.
0
0