18/01/2025
10:41
პოლიტიკა
ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ვაშინგტონიდან ავრცელებენ ფოტოებს აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰიგსეტთან და არჩეული პრეზიდენტის ვაჟთან, დონალდ ტრამპ უმცროსთან ერთად.
„მადლიერი ვარ, რომ ორი დიდი პატრიოტი გავაცანი ერთმანეთს - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რათა გადავარჩინოთ ძლიერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და დავამარცხოთ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი“, - წერს უი უილსონი.
ჯო უილსონის პოსტების თანახმად, სამივე მათგანს მან გააცნო სალომე ზურაბიშვილი. „მშვიდობა ძალით ბრუნდება“, - წერს უილსონი პიტ ჰეგსეტთან ფოტოს გამოქვეყნებისას.
„ორი გასაოცარი ადამიანი, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ“, - წერს ის დონალდ ტრამპ უმცროსსა და სალომე ზურაბიშვილზე.
სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ეს შეხვედრები შედგა დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით გამართულ წინასაინაუგურაციო წვეულებაზე. ფოტოებს ღონისძიებიდან ისიც ავრცელებს.
ღონისძიება ვაშინგტონის დროით 17 იანვარს, საღამოს, თბილისის დროით კი 18 იანვარს, დილის საათებში გაიმართა.
ფოტოებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად ასევე ჩანს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან, ტედ კრუზი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული.
0
0