
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძის მოსმენისას განაცხადა, რომ „მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს, რადგან მეტი დასაბუთება და დეტალია საჭირო.
„თქვენი განმარტებით, მიწის აზომვის საქმიანობით დაკავებული კერძო სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ სერვისს ბოლომდე და ეს არის მიზეზი სახელმწიფო სააგენტოს შექმნის. აქვე ამბობთ, რომ კონკურენციაში არ შეხვალთ კერძო სამსახურებთან, თუმცა სააგენტოში კანონმდებლობიდან გამომდინარე მიწის აზომვის საფასური უფრო ნაკლები იქნება -ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოქალაქე ისარგებლებს აუცილებლად სააგენტოს მომსახურებით და არ წავა კერძო კომპანიაში,“- განაცხადა დეპუტატმა და დაინტერესდა თუ რატომ გახდა საჭირო უკვე აზომილი ნაკვეთების ხელახლა აზომვა.
„მოგესალმებით. მაინტერესებს ახლა რომელიმე რეგიონში, თუ მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია? უფასო იქნება, თუ არა მიწის აზომვის მომსახურება და რატომ გახდა საჭირო, უკვე აზომილი და დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ხელახლა აზომვა?
ვფიქრობ, უფრო ბიუჯეტური იქნებოდა, თუ მოხდებოდა უკვე აზომილი მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაციის გადახედვა, ვიდრე სპეციალური სამსახურის შექმნა და მიწის ხელახალი აზომვა?
თქვენ ამბობთ, რომ მიწის აზომვის საქმიანობით დაკავებული კერძო სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ სერვისს ბოლომდე და ეს არის მიზეზი სახელმწიფო სააგენტოს შექმნის. აქვე ამბობთ, რომ კონკურენციაში არ შეხვალთ კერძო სამსახურებთან, თუმცა სააგენტოში კანონმდებლობიდან გამომდინარე მიწის აზომვის საფასური უფრო ნაკლები იქნება ვიდრე კერძო კომპანიებთან, დოკუმენტებიც უფრო მოწესრიგებული იმიტომ, რომ თუ სახელმწიფო სააგენტო აზომავს მიწას, თავადვე შეიტანს შესაბამის მონაცემებს ელექტრონულ ვერსიაში და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოქალაქე ისარგებლებს აუცილებლად სააგენტოს მომსახურებით და არ წავა კერძო კომპანიაში.
თქვენს [გიორგი დგებუაძე] მიერ წარმოდგენილ საკითხს, მხარს ვერ დავუჭერ. მჭირდება უფრო მეტი დასაბუთება, იმის შესახებ თუ რა სტრუქტურა იქმნება, რამდენ თანამშრომელზე გათვლილი, ზუსტი უფლება-მოვალეობები და სხვა. მინდა, რომ კარგად გამიგოთ, ამ საკითხს წარმოდგენილი სახით მხარს არ დავუჭერ,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
0
0