
საქართველოს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის უალტერნატივობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მან პოლიტიკური დებატებისას განაცხადა, საქართველოს რომ არ აერჩია სუვერენიტეტზე დამყარებული საგარეო კურსი, ქვეყანა აღმოჩნდებოდა უკრაინის მსგავს დღეში.
ზურაბ ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზის მართებულობა, ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური გადაადგილებების ფონზე, კიდევ უფრო თვალხილული გახდა.
„ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან გააქტიურებული გეოპოლიტიკური გადალაგების კონტურები, სადაც საერთაშორისო პროცესებმა ცალსახად დაგვანახა საქართველოს ძალიან სწორად არჩეული საგარეო კურსის უალტერნატივობა. ტრამპმა თავისი ახალი სტრატეგიით, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ დოქტრინა, ბრიუსელი ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დააყენა - ან ევრობიუროკრატია საკუთარი ხალხების ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის და პოლიტიკური გაჯანსაღების პროცესს დაიწყებს, ან კალასების, ფონ დერ ლაიენების და მაკრონების პოლიტიკურ განსასვენებლად იქცევა.
წლებია ხმამაღლა ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელს, ასე უაპელაციოდ არ უნდა ვენდოთ, არ უნდა ჩავერთოთ მხარედ სხვის ომში, არ უნდა ავყვეთ სანქციებს და დავაზარალოთ ეკონომიკა და ზოგადად, ქვეყნის საგარეო კურსი არ უნდა დავუქვემდებაროთ გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას, ხოლო საშინაო კურსი სოროსის NGO სექტორის ექსკლუზივად არ უნდა ვაქციოთ. სად მიგვიყვანდა ეს ყველაფერი საბოლოოდ, სწორი კურსი რომ არ აგვერჩია, ყველა ვხვდებით. ახლა აღმოვჩნდებოდით უკრაინის მსგავსად უბედურ დღეში, სადაც პირობითად სხვადასხვა ქვეყანა ინაწილებს, ნახშირად აიღოს უკრაინა, თუ ხე-ტყედ ჩაიბაროს.
ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ვიხილეთ განათლების რეფორმასა და ინვესტიციებზე. მისი თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია პირველად მის ისტორიაში, უნივერსიტეტები გახდეს უფასო, ლექტორებს დამსახურებული ხელფასი ჰქონდეთ და ანაზღაურებამ 10 000 ლარს გადააჭარბოს, უპრეცენდენტოდ მაღალი ინვესტიცია შემოდის და ზოგადად, ვიწყებთ საუბარს 36-მილიარდიანი ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაზე.
საზოგადოებასაც მივმართავ, ვხვდებით, რა განსხვავებაა ბრიუსელს აყოლილ, სამწუხაროდ, უბედურ უკრაინას და სუვერენულ საქართველოს შორის და რა განსხვავებულ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა?
შტატების ახალი სტრატეგიით და ცალკე გეოპოლიტიკური გადაადგილებით, მკაფიოდ გამოიკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობის გადაკვეთის წერტილები. დიახ, საქართველო ყველა მიმართულებით მზადაა, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინის მშვიდობიანობის კურსის გამტარი, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშემწყობი და ზოგადად, რეგიონული ლიდერის როლი მოირგოს. ეს მოიტანა ჩვენმა სწორმა საგარეო კურსმა. დიახ, გადავრჩით ფიზიკურად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი გადალაგებული პროცესების შემდეგ, ამ გადალაგებასთნ ერთად, ეს კურსი გახდა საქართველოს სტრატეგიული როლის დაფასების ყველაზე დიდი ნიშანი,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
0
0