
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.
როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.
დღევანდელ სხდომას არ დასწრებია ჯაფარიძე.
როგორც მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას განმარტა, მას ჯაფარიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ის არ ენდობოდა სასამართლოს, რომ სწორედ ამ მოსამართლეს ჰქონდა ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, შესაბამისად, მას ობიექტური განაჩენის მოლოდინი არ ჰქონდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ გაუხადა, რის შემდეგაც, მხარეებმა დასკვნით სიტყვები წარმოთქვეს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ეს საქმე და ჯაფარიძის ქმედება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ხდება კანონის უზენაესობის უგულებელყოფა.
პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, ჯაფარიძე „ინტერპრესნიუსის", „ტაბულას" მეშვეობით ხშირად აჟღერებდა პოზიციას, რომ ის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებდა. ამასთან, თათიაშვილის თქმითვე, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში არაკორექტული ტექსტით განაცხადა, რომ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა.
პროკურორის თქმით, პოლიტიკოსმა გამიზნულად, პრინციპულად, სუბიექტური შეხედულების გამო, არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით კი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხია სადავო და სწორედ, ამის გამო სურდათ მათ თეა წულუკიანის დაკითხვა. ადვოკატის თქმით, კომისიაზე ოპოზიციური პარტიების ნახევარზე მეტი უნდა იყოს წარმოდგენილი, რაც ასე არ არის.
ამასთან, ადვოკატის თქმით, პროკურორი პოლიტიკოსს კომისიაზე პოლიტიკური მიზეზით არ მისვლაში ადანაშაულებს, თავად საგამოძიებო კომისია კი პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი.
ჩომახაშვილის განმარტებითვე, მათ მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა, ან საქმეს შეწყვეტდა და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნიდა საქმეს კითხვით, რეგლამენტის თანახმად, იყო თუ არა კომისია ლეგიტიმური.
ჩომახაშვილმა მოსამართლეს მიმართა, სასჯელის სახეობად თანამდებობის დაკავების შეზღუდვა არც კი განეხილა, რადგან ჯაფარიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და თუკი, განაჩენის ამ სახეობას გამოიყენებოდა ის, ეს პოლიტიკურ საქმიანობაში უხეში ჩარევა იქნებოდა.
სასამართლოს პროცესს გერმანიისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
0
0