
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიტიკოსები პოლიციელებმა 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავების დროს სცემეს. ადვოკატის თქმით, პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ხელკეტი თავის არეში ურტყეს.
"ორივე მათგანი [ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი] დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე და 173-ე მუხლებით. ეს აქციის დასათრგუნად ყოველთვის ცნობილი მუხლებია. ასევე, ამ მუხლებს პოლიტიკოსების დასაჭერად იყენებენ ხოლმე - დაუმორჩილებლობა და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება [...] რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაკავების მომენტში ორივე პიროვნება ძალიან მძიმედ არის ნაცემი. ზურაბ ჯაფარიძე ნაცემია სპეციალურად და მას ხელკეტი თავის არეში ურტყეს [...] პოლიციელებს ესაუბრებოდა, რომ თქვენ თუ გვერდზე არ დაგვიდექით, ისე არაფერი გამოვა და თქვენი დახმარებით უნდა მოხდეს, რომ რაღაც შევცვალოთო და უეცრად, რაღაც მომენტში, ჯერ მის გვერდით მდგომ ახალგაზრდებს დაუძაბეს და ხელკეტები ურტყეს. შემდეგ, მას ზურა გადაეფარა და ისიც მოიტაცეს". - ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის იყვნენ პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი.
0
0