
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, დედაქალაქის ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი ქვეპროგრამა - „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“ ემატება.
ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, პროგრამის დაფინანსება 300 000 ათასი ლარით განისაზღვრება.
„ქვეპროგრამის ამოქმედება 2025 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება. აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას ისახავს, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ერთი პაციენტის წლიური მკურნალობის კურსი 12 ფლაკონს მოიცავს, თითოეულის ღირებულება კი 1,570 ლარია. დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-ს, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული, 100%-იანი დაფინანსება; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი სოციალური ინიციატივების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.
მისივე თქმით, ახალი ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ დაავადების სამკურნალო აუცილებელი და ძვირადღირებული მედიკამენტები დაფინანსდება.
„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც სახსრების შეუქცევად დაზიანებას, დეფორმაციასა და ფუნქციური უნარის დაქვეითებას იწვევს. დაავადების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში მაღალია შშმ პირის სტატუსის შეძენის რისკი. თანამედროვე მედიკამენტოზური თერაპიის დროული დანიშვნა კი საშუალებას იძლევა დაავადების აქტიურობა შემცირდეს, დადგეს რემისია და პაციენტმა სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.
0
0