20/05/2025
18:53

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა. შესაბამისად, დღეიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც იზრდება.
როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობენ, ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამებში თანხების დამატება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დროული და ხარისხიანი სერვისები მოლოდინის რეჟიმის გარეშე მიიღონ.
„ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამების ბიუჯეტირების ნაწილში მოხდა თანხების დამატება, რათა კიდევ უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, დროულად, მოლოდინის რეჟიმის გარეშე, ხარისხიანი სერვისი მიიღოს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ცვლილებების თანახმად, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება 700,0 ათასი ლარით; აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია 100,0 ათასი ლარით; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება 300,0 ათასი ლარით; ტრანსპლანტაცია 500,0 ათასი ლარით; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება 100,0 ათასი ლარით; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება 100,0 ათასი ლარით; სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები კი 500,0 ათასი ლარით გაიზრდება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0