17/03/2023
10:56
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ბიუროს მეთხუთმეტე სხდომაში CORLEAP-ის თანათავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობა მიიღო.
ზურაბ აბაშიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) რეგიონული პარტნიორების გაერთიანებისთვის კვლავ სიცოცხლისუნარიანი ფორმატია და სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, წევრებს შორის მოკავშირეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა მეტად უნდა გაძლიერდეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა,
საქართველომ უკვე შეუწყო ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ დისკუსიებს.
ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების უკიდურესად რთულ გარემოზე.
„რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის ტრაგიკული მოგონება რუსული აგრესიისა, იმ ომებისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოცადა, არც ისე შორეულ წარსულში. ბოლოს 2008 წელს, როდესაც რუსეთის ახლად აღორძინებული ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი გავხდით. ნათელია, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ იდენტურ პოლიტიკას ატარებს. საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ადამიანი დაშავდა, ხოლო 3.7 მილიონიან ქვეყანას ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი შესძინა. სწორედ ამიტომ, მტკიცედ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ CORLEAP-ის ბიუროს სხდომაზე მონაწილეობისას აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის საიმედო და ერთგული პარტნიორია.
„ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ევროკავშირის მიმართ გულითად მადლიერებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია და საქართველოს მიერ ღია და ინკლუზიური პროცესით არის მართული. ჩვენს კარგ პროგრესს ამ კუთხით, ასევე ადასტურებს კომისიის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ მთლიანობაში ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს.საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მიერ შესრულებული საშინაო დავალების საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, რასაც ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება მოჰყვება" - ზურაბ აბაშიძემ.
CORLEAP-ის ბიუროს სამუშაო შეხვედრისას განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განვითარების ახალი ინიციატივები და შესაძლებლობები. მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობებზე უკრაინაში კოლეგების მხარდასაჭერად. ბიუროზე განიხილეს CORLEAP-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე გაუძღვა დისკუსიას თემაზე „ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე". მან ასევე ბიუროს სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია CORLEAP-ის მომავალი ყოველწლიური შეხვედრისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
0
0