
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში მდებარე შენობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
„ჩვენი უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების იერსახის შენარჩუნებას განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისისთვის ეს ჩვენი ისტორიის შენარჩუნებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს, მთაწმინდის, რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება.
გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მერიამ წარმატებით დაიწყო და ახორციელებს „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამას, ხოლო 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი პროგრამა დაიწყება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 20 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების სამუშაოები მომავალი წელს დასრულდება, რის შემდეგაც მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკვლისა და მზიდი კედლების - არმირება და ბეტონირება, ფანჯრების ღიობებში ჩარჩოების ჩასმა, ასევე ფასადის სრული რეაბილიტაცია.
0
0