09/06/2023
16:16
პოლიტიკა
„როდესაც ამბობთ, რომ ეს ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია, ამით თქვენ არამარტო ჩვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“ „- ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე. ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციას და განსაკუთრებით მის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მოუწოდა შეწყვიტონ მსგავსი რიტორიკა, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება ოპოზიციის იმ განცხადებებზეც გაამახვილა, თითქოს ხელისუფლება ყველა აზრის გაკონტროლებას ცდილობს. ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა თუ რომელი მედიასაშუალებებით ცდილობს ხელისუფლება ამის გაკეთებას.
„თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს იქითკენ, რომ ყველა აზრი გაკონტროლდეს. თქვენი აზრით, რომელი მედიასაშუალებებით აკეთებს ამას ხელისუფლება? იმ პლურალისტური მედიით ხომ არა, რომელიც ქვეყანას სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოუტანა? მსგავსი საუბრები ქვეყნისთვის დამაზიანებელია. პარტიაში გადიხართ ამ გზავნილებს, თუ მართლა ასე ფიქრობთ? თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ოპოზიციური ფლანგი დეგრადაციას განიცდის“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მსგავსი იაფფასიანი განცხადებები და არაფრის მომცემი ეპატაჟი შედეგს ვერ მოიტანს. მისი თქმით, ამით საზოგადოებას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება.
„თქვენი აზრით, ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ევროპელები? შეწყვიტეთ საზოგადოების პოლარიზაცია, რადგან ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
0
0