
ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა. მამდანი აცხადებს, რომ მისი აზრით, ნეთანიაჰუ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის დროს უნდა დააკავონ.
„როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ეხება საქმე, მე მას ისე მოვიხსენიებ, როგორც მიმაჩნია – ომის დამნაშავე და პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი გენოციდის არქიტექტორი“, – განაცხადა მამდანიმ „სიენენთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილეს.
„თუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანი კანონების დარღვევისთვის დაკავებას იმსახურებს, ვინ ვართ ჩვენ, რომ ვთქვათ, თითქოს ვინმე ამაზე მაღლა დგას? ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, – აღნიშნა მამდანიმ.
ხუთშაბათს ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვა გაერო-ში. მისი ვიზიტის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მამდანიმ განაცხადა, რომ არცერთ მათგანში მონაწილეობას არ გეგმავს.
ტრამპმა მამდანისთან შეხვედრაზე ნიუ-იორკის მერი საჯაროდ შეაქო. შეხვედრისას მხარეებმა, მათ შორის, საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულებასა და ნიუ-იორკში მილიარდობით დოლარის ღირებულების საცხოვრებელ პროექტზე ისაუბრეს.
„იმედი მაქვს, შესანიშნავი მერი იქნებით. კარგი დასაწყისი გაქვთ“, – უთხრა ტრამპმა მამდანის.
მამდანიმ კი განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს, მიუხედავად მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებებისა.
„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის ერთგულებას ქალაქის მიმართ. ჩვენ ორივემ ვისაუბრეთ ძალიან განსხვავებულ მიდგომებსა და შეხედულებებზე და გავაგრძელებ საუბარს პრეზიდენტთან და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც შეუძლია ამ ქალაქის მოსახლეობისთვის შვების მოტანა“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.
0
0
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება
22/09/2026