
სუს-ში ცოტა კრეატიული კრიზისია და მაგათ ვინმე მწერალი უნდა აიყვანონ უკეთესი სცენარებისთვის - ზოგადად, „ვაჟას ბოლოდან“ ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ Usaid აფინანსებს ტრენინგს, სადაც ტრენერების მიზანია „ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ამერიკასთან ბრძოლის გამოცხადება ტრაგიკომედიაა და ამ იდეების ავტორებისთვის, ეს წესით კარგად არ უნდა დამთავრდეს.
„ზოგადად, ვაჟას (ვაჟა - ფშაველას გამზირი) ბოლოდან ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრაგიკომედია, რომ ამერიკასთან გვაქვს ბრძოლა გამოცხადებული, მე ვერ გეტყვით. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ იმისთვის, ვისაც ასეთი ჭკვიანური იდეები თავში მოსდის, ეს წესით, კარგად არ უნდა დამთავრდეს. ზოგადად მგონია, რომ სუს-ში ცოტა კრეატიული კრიზისია და მაგათ ვინმე მწერალი ან პოეტი უნდა აიყვანონ შტატში, რომ სცენარები უკეთესად იყოს მოფიქრებული და დამაჯერებლად. მწერლებს ასეთი ნიჭი გააჩნიათ, ბიუროკრატებს ცოტა უჭირთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0