22/12/2024
13:21
სპორტი
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საშემოდგომო ეტაპი შესანიშნავად დაასრულა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ლიდერი „პადერბორნი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.
ქართველმა თავდამსხმელმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, მერე თავად გაიტანა, შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ბუდუ ზივზივაძე მატჩის მოთამაშედ დაასახელა ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა – whoscored-მა (8,4 ბალი) და sofascore-მ, რომელმაც ქართველის გრაფაში კიდევ უფრო მაღალი ქულა, 9,0 დაწერა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საშემოდგომო ეტაპზე ყველა ტურნირზე 20 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა – ანუ საშუალოდ თითქმის ყველა შეხვედრაში გოლს იტანდა ან საგოლე სიტუაციაში მონაწილეობდა.
ამას გარდა, ზივზივაძე ბომბარდირებში ლიდერობს და „შალკეს“ თავდამსხმელს, მუსა სილას ერთი გოლით ასწრებს – 30 წლის ქართველმა უკვე გაიმეორა ევროპაში გადასვლის შემდეგ ერთ გუნდში ნაჩვენები რეკორდი – სეზონში 12 გოლი.
2021/2022 სეზონში „უიპეშტსა“ და „ფეჰერვარში“ ითამაშა და ორივეგან 13 გოლი გაიტანა, მაგრამ ერთ გუნდში სეზონში 12 გოლი მხოლოდ წინა სეზონში „კარლსრუეს“ ფორმით გაიტანა, მაგრამ მაშინ ეს 30 მატჩში შეძლო, წელს კი იგივე შედეგი მხოლოდ 17 შეხვედრაში აჩვენა.
2024/2025 კარლსრუე 17 მატჩი / 12 გოლი
2023/2024 კარლსრუე 30/12
2022/2023 კარლსრუე 10/1
2022/2023 ფეჰერვარი 10/1
2021/2022 უიპეშტი 12/11
2021/2022 ფეჰერვარი 12/2
2020/2021 ფეჰერვარი 31/9
2019/2020 მეზოკოვეშდი 32/8
2017/2018 ესბიერგი 4/0
2016/2017 ესბიერგი 7/0
ქართველი თავდამსხმელი და „კარლსრუე“ 2025 წელს პირველ შეხვედრას 19 იანვარს „ნიურნბერგთან“ სტუმრად გამართავენ.
0
0