
ზიმბაბვეს მთავრობამ, ქოლერის ეპიდემიის მართვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდვები დააწესა. დაავადებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს საჯარო სივრცეში გარკვეული ტიპის შეკრებისა და ეპიდემიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში (ქვეყნის მასშტაბით ბევრ რაიონში და დედაქალაქის, ჰარარეს ტერიტორიაზე) დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ფიზიკურ პირთა რაოდენობის შეზღუდვას. ასევე დაუშვებელია დაკრძალვაზე ხელის ჩამორთმევა და საკვების მირთმევა.
4 ოქტომბერს, ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრომ ქოლერით გარდაცვალების 100 შემთხვევა გამოაცხადა, რომელთაგან 30 შემთხვევა ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდა. სამინისტრომ ასევე 4600-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევიდან ქოლერის ვირუსით დაინფიცირების 905 შემთხვევა დაადასტურა.
ზიმბაბვეში ქოლერის ვირუსის აფეთქება ხშირია. 2008-2009 წლებში, ქოლერის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აფეთქების დროს, 4200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასევე ვირუსით დაინფიცირების 100000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
2023 წლის აგვისტოში, გაეროს ბავშვთა სააგენტო Unicef-მა ქოლერის გავრცელება, ქვეყნის ურბანული მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე, უხარისხო სანიტარულ ინფრასტრუქტურას, არასტაბილურ წყალმომარაგებას, საკანალიზაციო მილების სისტემატურ გასკდომას და სახიფათო ნარჩენების არასწორ მართვას დაუკავშირა.
0
0