27/08/2023
11:23
მსოფლიო
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ხმების 52,6%-ით მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.
ემერსონ მნანგაგვას, მეტსახელად „ნიანგის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფაქტი, მისი დაპირება იყო, სადაც ის ამბობდა: „სამოთხეში მოხვდება ყველა, ვინც არჩევნებში ჩემს პარტიას მისცემს ხმას“.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, არჩევნები სავსე იყო დარღვევებით. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „ამნესთი ინთერნეშენალი“ ზიმბაბვეს პრეზიდენტს და მის მომხრეებს ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებენ.
ზიმბაბვეს პრეზიდენტს მეტსახელი „ნიანგი“ თავისი დაუნდობლობის გამო შეარქვეს.
ის ზიმბაბვეს მხოლოდ მეორე პრეზიდენტია, რომელიც 2017 წელს ავტოკრატი მმართველის, რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ განხორციელებული გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა, თუმცა მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ზიმბაბვეში დიდად არც არაფერი შეცვლილა.
ზიმბაბვეში კვლავ სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია და ამასთან ამ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს. ივლისის მონაცემებით 2022 წლის მერე ფასები 101.3%-ით გაიზარდა. უმუშევრობა ასევე მკვეთრად მაღალი რჩება - ზიმბაბველების მხოლოდ 25%-ს აქვს ოფიციალური სამუშაო ადგილი.
ზიმბაბვე არც ადამიანების უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, მეტიც, აქ პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის კრიტიკოსების დაკავება და სასამართლოში მიყვანა გრძელდება - დანაშაული 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით, ან ჯარიმით, ხშირ შემთხვევაში კი ორივე სასჯელით ისჯება.
0
0