
უკრაინის, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, ლიეტუვის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ევროპის პარლამენტის დელეგაციებმა 30 ივლისს, ჟენევაში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის შეხვედრების დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დემარშის მონაწილეებმა ამ მომენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს. ჩანს, რომ დარბაზი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა.
„დარბაზი დავტოვე, რადგან არ ვიმუშავებ სტატისტად იმ ტყუილის გავრცელებაში, რომელზეც კრემლის კრიმინალური რეჟიმია დაფუძნებული“, - დაწერა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.
მატვიენკომ პროტესტის მონაწილეთა ქმედებებზე კომენტარის გაკეთებისას მათ „კოღოს ნაკბენები“ და „კლოუნების შოუები“ უწოდა. „ტასი“ იუწყება, რომ ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე პირველი გამოვიდა სიტყვით. სხვა საკითხებთან ერთად, მან განაცხადა, რომ უკრაინას კონფლიქტს „მოგვარების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“ და ასევე აღნიშნა, რომ „დროა, დიპლომატიური რესურსები სრული დატვირთვით იქნას გამოყენებული“. მატვიენკომ არ ახსნა, თუ რას ნიშნავდა ეს ზუსტად; რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოსკოვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მატვიენკო შვეიცარიაში დელეგაციის მეთაურობით 28 ივლისს ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ქვეყანაში სანქციების სიაშია შეყვანილი. ის მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაცია „საპარლამენტთაშორისო კავშირის“ ღონისძიებებში. ფორუმზე გამოსვლისას მატვიენკომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინაში შეჭრის მიმართ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს.
0
0