
ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ჩართულობისა და სათანადო მუშაობისთვის, შვეიცარიას კი – შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა უმეროვმა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი აქვს.
„დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია. ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წინ წავწიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრად მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის მთავარი საგანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხებია.
0
0