სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა მაშველებთან ერთად, ადგილობრივებიც ეძებენ..
ახლობლების ინფორმაციით, ახალგარდები 21 ივლისს გავიდნენ სახლიდან, 23 ივლისს ოჯახს შეატყობინეს, რომ დაიკარგნენ, ამის შემდეგ კი ისინი კონტაქტზე აღარ გამოსულან.
,,მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა.
რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?!
ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი. ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა? ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?!
ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლა
არ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას !!!!" - წერს ანა წერედიანი.
როგორც მესტიის მკვიდრი, ვიკა ფილფანი აცხადებს, დაკარგული პირები არ არიან გამოუცდელი მთებში სასიარულოდ, თუმცა მათ ახლობლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გზას აცდნენ და გამოუგზავნეს კადრები იმ ადგილიდან, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ნისლია, ტერიტორიის გარჩევა და ამოცნობა შესაძლებელია:
"ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ქვემო სვანეთში, ლენტეხში, მარშრუტი ერთდღიანია და ისინი გავიდნენ კვირას. მოლოდინი იყო რომ კვირასვე იქნებოდნენ ადგილზე, თუმცა ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას და ვეღარ აგნებდნენ, გარკვეული მიზეზების გამო. ეს მიზეზები ჩვენთვის უცნობია, შესაძლოა ყოფილიყო ამინდი, ან გარეული ცხოველისთვის თავის არიდება. ეს ორი ვარაუდია. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება" ამბობს ვიკა ფილფანი.
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების მოსაძებნად შესაბამისი ტექნიკის, კერძოდ კი სითბური დრონების ჩართვას ითხოვენ, რომელსაც ღამის ხედვის რეჟიმი აქვს, ასევე ვერტმფრენისაც, თუმცა სამაშველო ამბობს, რომ ამინდის გამო, ვერტმფრენის გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
112-ში ორი ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 24 ივლისს შევიდა.
0
0