
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ 16 ნოემბერს, სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა რუსეთის სარაკეტო ტერორისგან პოლონეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
"ჩვენ ასევე არსებული ინფორმაცია განვიხილეთ და ყველა ფაქტს ვარკვევთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა, პოლონეთი, მთელი ევროპა და მსოფლიო ტერორისტული სახელმწიფოსგან სრულიად უნდა იყოს დაცული.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ანდჟეი დუდამ მომხდართან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მოკავშირეებთან ისაუბრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქებების გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
0
0