
თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრა, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ცხარე კამათით დასრულდა, დასავლური მედიის განხილვის მთავარი თემაა. მომხდარს Financial Times სტატიას უძღვნის სათაურით - „ზელენსკის დამცირება თეთრ სახლში“.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შეხვედრა თეთრ სახლში ყველაზე უარესი სცენარით წარიმართა, რაც კი შესაძლებელი იყო.
სტატიაში დასახელებულია რამდენიმე შეცდომა, რომელიც ავტორის აზრით, ზელენსკის გუნდმა დაუშვა. მათ შორის, ნათქვამია, რომ შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი წამოეღოთ წიაღისეულის გარიგებისგან და სანაცვლოდ, მაქსიმალურად მცირე გაეღოთ.
„ერთ-ერთი იმაში მდგომარეობდა, რომ აშშ-ს წიაღისეულის შესახებ გარიგება უფრო ფართო „გამარჯვების გეგმის“ ფარგლებში შესთავაზეს. ხოლო მეორე იმაში, რომ ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგს - „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც Financial Times წერს, „ზელენსკიმ საკუთარ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიტყო ტრამპის მოტივების შესახებ. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ მისთვის, „მშვიდობა“ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებების არარსებობას. ის, როგორც ჩანს, დაინტერესებულია ცეცხლის შეწყვეტით, რაც ამერიკული ეკრანებიდან გააქრობს სისხლიან გამოსახულებებს და აშშ-ს გაათავისუფლებს ძვირად ღირებული სამხედრო დახმარებისთვის ფულის დახარჯვის აუცილებლობისგან. თუმცა, მას ნაკლებად აინტერესებს გრძელვადიანი გადაწყვეტის პოვნა, რომელიც ხელს შეუშლის ომის განახლებას.
მეორე მხრივ კი, ტრამპს ეკონომიკური მოგებისკენ სწრაფვა ამოძრავებს. მასზე ასევე, გავლენას ახდენს პირადი გრძნობები - მას აშკარად არ განელებია წყენა ზელენსკის მიმართ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, ტრამპის მცდელობამ, ზელენსკისთვის ეიძულებინა, უკრაინაში გამოძიება დაეწყო ჰანტერ ბაიდენის (ჯო ბაიდენის შვილი) საკითხზე აშშ-ისგან დახმარების მიზეზის სანაცვლოდ, ის პირველ იმპიჩმენტამდე მიიყვანა“, - ნათქვამია სტატიაში.
0
0