01/06/2023
15:42
პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
ვოლსკის თქმით, ზელენსკი ასეთი შინაარსის განცხადებას პირველად არ აკეთებს.
„მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერულ რეისებს მოხალისეები, სამხედრო ამუნიცია არ გაატანა და ომში არ ჩაერთო. უფრო მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს - ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო - უნამუსოდ უსამართლო! ეს არის რეალობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0