
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი გამომდინარეობს იქიდან, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულდა - იუწყება “რია ნოვოსტი”.
„ჩვენ ვიცით, რომ ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაცია დასრულდა“, - განაცხადა პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შვეიცარიაში დაგეგმილი კონფერენცია დასავლური საზოგადოების მიერ ზელენსკის ლეგიტიმურობის დადასტურებას ისახავს მიზნად.
პუტინის თქმით, ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხს „უკრაინაში უნდა გაეცეს პასუხი“. „ჩვენ უნდა შევხედოთ რა წერია უკრაინის კონსტიტუციაში, ხელისუფლების რომელ ორგანოებს უგრძელდება უფლებამოსილება“ - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ ზელენსკის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა მაისში სრულდება, თუმცა, კანონის მიხედვით, არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, თუ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. შესაბამისად, ზელენსკის უფლებამოსილება ავტომატურად გაფართოვდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეა. მისი თქმით, შესაძლებელია მოლაპარაკებების დაბრუნება „იმ ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებებზე დაყრდნობით, რომლებიც მიღწეული იქნა ბელარუსსა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს“ - დასძინა პუტინმა.
პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი მზად არის შეაჩეროს ომი უკრაინაში და დათანხმდეს ზავს, რომლის დროსაც ჯარები დარჩებიან ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე.
0
0