
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ლიდერმა საშინელი სამუშაო გასწია და თუ სურდა, შეეძლო, საუდის არაბეთში რუსეთთან მოლაპარაკებებზე ჩასულიყო.
„ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის მოტანა და ზელენსკის ალბათ სურს, გაგრძელდეს ფულის ნაკადი. ის ძალიან გაბრაზებულია, რომ არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში. მას შეეძლო, ჩასულიყო, თუ უნდოდა“, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა რუსეთთან ომის დასრულებას ვერ შეძლებს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები დაარწმუნა, დაეხარჯა 350 მილიარდი დოლარი ომში, რომლის მოგებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, სამი წელია, ამ ომშია და მას არც კი ჰქონია შეხვედრები და სატელეფონო საუბრები ამ ომის შესაჩერებლად, რაც საშინელებაა.
„მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გასწია. მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა. შენ ვერ დაასრულებ ომს, თუ ორივე მხარესთან არ ისაუბრებ, ისინი კი არ საუბრობდნენ სამი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, მალე ვიხილავთ ცეცხლის შეწყვეტას და სტაბილურობის აღდგენას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0