22/12/2022
09:23
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის ხელმოწერილი.
„გუშინ ბახმუტში როდესაც ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კონგრესის წევრებს სიტყვითაც მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
”თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. ნამდვილად ფლობთ ძალაუფლებას, დაგვეხმაროთ, პასუხისგებაში მივცეთ ყველა, ვინც ეს არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი დაიწყო. მოდით, გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა პასუხი აგოს აგრესიის გამო და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზარალი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.
საპასუხოდ კი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უკრაინის ლიდერს ამერიკის დროშა უსახსოვრა, რომელიც მისი ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის თავზე იყო აღმართული.
0
0