
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ მიუახლოვდნენ კიევისთვის ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერას და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მიმდინარე კვირას ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული რამდენიმე ნიუანსი განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ პრინციპში ეს შეთანხმება — ჩვენ კი გვაქვს რამდენიმე შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის, ასევე არის ჩარჩო შეთანხმებები ჩვენსა და შეერთებულ შტატებსა და ევროპელ კოლეგებს შორის... ჩემი ხედვით, ახლა ვხედავ, რომ შეთანხმება ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის თითქმის მზად არის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამავდროულად, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ დგება საკითხი - მოეწეროს თუ არა ხელი ამ შეთანხმებას, მისი აზრით, „ეს უკვე მეორე საკითხია და დამოკიდებულია იმ ფორმატზე, თუ როგორ ჩაივლის ჩვენი შეხვედრა“.
„ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს დოკუმენტი უკვე მაგიდაზე დევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს გარკვეულ შეთანხმებას. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ სამშვიდობო გეგმის საბოლოო მიღებისთვის ევროპისა და რუსეთის თანხმობაა საჭირო.
„რა თქმა უნდა, 20 პუნქტს რუსეთის გარეშე, ევროპელების გარეშე ხელი ვერ მოეწერება. დიახ, ოთხმხრივი შეთანხმება. თუმცა გვაქვს ორმხრივი შეთანხმებებიც. და ისევ და ისევ - ეს მეორე საკითხია, მოვაწერთ თუ არა მათ ხელს პრეზიდენტ [ტრამპთან] ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ ისინი და, როგორც ვთქვი, ჩვენს მომლაპარაკებლებს ყოველდღიურად შეაქვთ ცვლილებები ყველა ამ დოკუმენტში. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხში უკვე შეიძლება წერტილის დასმა“, - დასძინა მან.
0
0