
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლოს ვაშინგტონში აპირებს ჩასვლას მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.
„ზელენსკი პარასკევს ჩამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის პრობლემა არ არის, თუ მას სურს. მას სურს, რომ ამ შეთანხმებას ჩემთან ერთად მოაწეროს ხელი. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა. გამოკითხვებს თუ შეხედავთ, ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან, იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს. ეს ძალიან დიდი გარიგებაა. შეიძლება იყოს ტრილიონი დოლარის გარიგება. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინასა და რუსეთზე, ვიბრძვით ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა: „თქვენ თქვით, რომ პუტინს ესაუბრეთ უკრაინაში სამშვიდობოების იდეის შესახებ, თქვით, რომ პუტინი ამაზე თანახმა იყო. კრემლმა განაცხადა, რომ ეს მათთვის მიუღებელია, რა არის რეალობა?“
„ეს არ არის ის, რაც მე მითხრეს, მაგრამ თქვენ გჭირდებათ სამშვიდობო მისიის რაიმე ფორმა. ასე რომ, გაკეთდება რაღაც, რაც დამაკმაყოფილებელი იქნება ყველასთვის. ჩვენ გვჭირდება სამშვიდობო მისიების ისეთი ფორმა, რომელიც ყველასთვის მისაღებია. საბოლოოდ, ჩვენ შევძლებთ რაღაცაზე შეთანხმებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების რაღაც ფორმა იქნება საჭირო.
0
0