
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე კიევში გაემგზავრა იმ მიზნით, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, მისი მკვლელობის რუსული გეგმის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
კრის უიპლი, თავის წიგნში, სახელწოდებით „The Fight of His Life: Inside Joe Baden's White House“ (რომელიც მალე გამოქვეყნდება) წერს, რომ, ამავე დროს, ზელენსკი არ თვლიდა საჭიროდ ყურადღების გამახვილებას აშშ-ის ოფიციალური პირების გაფრთხილებებზე, რომ მოსკოვი მალე დაიწყებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ სახმელეთო შეჭრას. ზელენსკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისგან, ბილ ბერნსისგან, საიდუმლო ცნობებს იღებდა მისი სიცოცხლის ხელყოფის შესახებ.
ზელენსკის მიმართ აშშ-ის გაფრთხილებები საკმაოდ უჩვეულო იყო, რადგან ამერიკელი ოფიციალური პირები იშვიათად ასაჯაროებენ აგენტურულ ინფორმაციას. უიპლის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ცენტრალური სადაზვერვო საგენტოს დირექტორს, აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში, დაავალა მიეწოდებინა ზელენსკისთვის რუსული შეთქმულების დეტალები. „ამან მაშინვე მიიპყრო ზელენსკის ყურადღება. ის გაოგნებული იყო ამ ცნობებით", - წერს კრის უიპლი.
The Independent-მა მოიპოვა წიგნის ასლი, რომელშიც უიპლი წერს, რომ ბერნსი კიევში გაემგზავრა, რათა რეალობა გადაემოწმებინა.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი გასული წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მისი სიცოცხლის ხელყოფის 12-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა. უიპლის თქმით, ზელენსკი, სულ მცირე, ორჯერ აშშ-ის დაზვერვის წყალობით გადარჩა, რომლის შესახებაც ბერნსმა მას კიევში ვიზიტის დროს აცნობა.
„აგენტურული ინფორმაცია იმდენად დეტალური იყო, რომ ის დაეხმარებოდა ზელენსკის უსაფრთხოების ძალებს, აღეკვეთათ რუსეთის მიერ მისი სიცოცხლის ხელყოფის ორი მცდელობა,“- წერს კრის უიპლი წიგნში.
0
0