12/07/2023
14:59
მსოფლიო
უკრაინა არის და ყოველთვის იქნება წვლილის შემტანი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი ამოცანა ნატო-ს სამიტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით პოზიტიური ახალი ამბები აქვს.
„უსაფრთხოება ნამდვილად არის ის, რისი დანაკლისიც არსებობს და ჩვენი თანამშრომლობა ნატო-ში ყველა პარტნიორთან ამ უსაფრთხოების დეფიციტს შეავსებს. უკრაინა არის და ყოველთვის იქნება წვლილის შემტანი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი ამოცანა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე. ყველა შეხვედრა და კომუნიკაცია სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
პირველ რიგში, მივესალმები იენს სტოლტენბერგის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მანდატის ერთი წლის გახანგრძლივებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რუსეთთან კონფრონტაციის გარეშემო არსებული ვითარება, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და რა შეიძლება, კიდევ გავაკეთოთ ჩვენი ხალხის დასაცავად. ძირითადად ეს ეხება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას უსაფრთხოების სფეროში. გვაქვს პოზიტიური ახალი ამბები სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტების შესახებ, რომლებიც მოდის ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უკვე გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ლიდერს, ვინც გამოვიდა ახალი პაკეტების შეთავაზებით. ასევე, განვიხილეთ მოლოდინები, რომლებიც არსებობს ნატო-ს სამიტისგან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა.
„ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ნატო-ს გენერალურ მდივანს. ვიცი, რამდენი დისკუსია, შეხვედრა და მომზადება დასჭირდა ამას. ნატო-სთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენი სამხედროები თანამშრომლობენ ნატო-სთან. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლიათ თანამედროვე შეიარაღების გამოყენება და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტების თავდასხმები. მაშინაც კი, როცა უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რა სამუშაოა შესასრულებელი და ამას ვაკეთებთ.
ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის ნატო-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება დიდი შვიდეულის წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური.
მადლობა ლიეტუვას არა მხოლოდ ამ სამიტის მასპინძლობისთვის, არამედ იმ ენერგეტიკისთვის, რომელიც ამ სამიტზე იგრძნობა. ჩვენ ვხედავთ ყველა დროშას ქუჩებში. ეს არის ადამიანური ურთიერთობები და არ არის ხელოვნური. სწორედ ეს არის მხარდაჭერა, რომელიც ენერგიით გვავსებს. ჩვენ ჯერ არ ვართ ნატო-ში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც ნატო-ს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტორს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0