
„ბოროდიანკაში და სხვა გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებში შესაძლოა უფრო მეტი იყოს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, ვიდრე ბუჩაშია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში.
„უკვე არის ინფორმაცია, რომ ბოროდიანკასა და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში ოკუპანტების მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მეტი იყოს. კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რაიონების ბევრ სოფელში ოკუპანტებმა ისეთი რამ ჩაიდინეს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას 80 წლის წინ ნაცისტური ოკუპაციის დროსაც კი არ უნახავს. ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის.
ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ ოკუპანტების მიერ ჩადენილის გამოძიება. მხოლოდ ბუჩაში ამ დროისთვის ცნობილია 300-ზე მეტი მოკლული და ნაწამები ადამიანის შესახებ. სავარაუდოდ მსხვერპლთა რიცხვი იქნება გაცილებით დიდი, როდესაც შემოწმდება მთელი ქალაქი. ეს მხოლოდ ერთი ქალაქია მრავალი უკრაინული დასახლებიდან, რომლის დაპყრობაც რუსმა სამხედროებმა მოახერხეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის გათავისუფლებულ ქალაქებში ოკუპანტების მიერ ჩადენილი ძალადობის დოკუმენტირების მნიშვნელობას.
„ჩვენ მაქსიმალურად შესაძლებლობას მივცემთ ჟურნალისტებს, ჩავიდნენ ბუჩასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში. ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ იქ ჩავიდეს ათასობით ჟურნალისტი, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა. რუსეთი შეეცდება გადაფაროს ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადენილი ძალადობის კვალი. ისინი ფაქტების დამახინჯებას მუდმივად ცდილობენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა თავისი თხოვნა რუსულ ძალებთან საბრძოლველად მეტი იარაღის გაგზავნის შესახებ.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა, რაც შეიძლება მალე განვდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. უკრაინა უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო საჭირო რაოდენობის თვითმფრინავებით, ტანკებით, საარტილერიო, რაკეტსაწინააღმდეგო და გემსაწინააღმდეგო იარაღით, ათასობით ადამიანის გადარჩენას შევძლებდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0