17/11/2025
10:11

ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
მისი თქმით, ამ კვლევით ორგანიზაციასაც აკონტროლებს „დიფ სთეითი“, შესაბამისად აღნიშნული კვლევა არ ემსახურება საზოგადოებრივი განწყობების ტირაჟირებას. შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ოლიგარქიულ ოჯახები ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის და Ipsos-ის კვლევის მიზანიც სწორედ ესაა.
„რთულია არ დაეთანხმო - ერთი შეხედვით, კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოააშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა - მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ანალიზის გარეშე მოცემულობად მიღება და მით უმეტეს, აღტაცება იმით, რომ თითქოს, ყველაფერი გამართლდა რასაც ვამბობდით - შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - "დიპ სტეიტის" სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი. პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მოცემულობა - დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას - ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ. მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კვლევა და განსაკუთრებით, მისი შედეგები, ასე უბრალოდ, საზოგადოებრივი განწყობების ტირაჟირებას ემსახურება მიზნად. მით უმეტეს, რომ მონაცემები პირდაპირ ამხელს ევროპულ ბიუროკრატიას უმოქმედობასა და კორუმპირებულობაში. თუ ვთანხმდებით, რომ Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არც შემთხვევითია და არც "დიპ სტეიტის" კონტროლს მიღმა გავრცელებული ინფორმაცია, ჩნდება კითხვა - რა მიზანს ემსახურება ევროკავშირისთვის ეს დამანგრეველი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მთელი სიმძლავრეებით ტირაჟირება ასევე "დიპ სტეიტის" მიერ კონტროლირებული მედიით? ამ კითხვას აქვს კონკრეტული პასუხი, რომლის უტყუარობაში დასარწმუნებლად არა რაიმე რთული მსჯელობა, არამედ, მხოლოდ ფაქტების ანალიზია საჭირო.
დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალში საცემი 2008 წლის შემდეგ გახდა. ერთი მხრივ, თავსმოხვეულმა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აღზევებამ და მეორე მხრივ, უკონტროლო მიგრაციამ ახლო აღმოსავლეთიდან, ქვეყანათა აბსოლუტურ უმრავლესობას ეროვნულობა წაართვა და იდენტობა გაუქრო. ხელოვნური სტიგმების გამოყენებით, როგორიცაა ყალბი რელიგიური ტოლერანტობა, ასევე, სექტასთან გათანაბრებული ასობით ახალი რელიგიური მიმდინარეობის შემოგდებით, მინიმუმამდე დავიდა ქრისტიანული ღირებულებების პატივისცემა და შესაბამისად - მნიშვნელობა. რაც შეეხება ეკონომიკის ფაქტობრივად ჩამოშლას, სცენარი აქაც იდენტურია - გამოგონილი ნორმების ძალდატანებითი გათვალისწინებით, როგორიცაა მაგალითად, "მწვანე ენერგია" და სხვა მრავალი, ევროკავშირს უარი ათქმევინეს იაფ ენერგო რესურსებზე, ატომურ ენერგიაზე, ბოლოს კი ერთადერთი ხელმისაწვდომი რესურსი - რუსული ენერგომატარებლები, პროვოცირებული ომით ჩაუჭრეს და შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ: 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო, დღეს მხოლოდ 17% - ია. ამასთანავე - 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონს შეადგენდა. 18 წლის შემდეგ - 2025 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ისევ 19 ტრილიონს შეადგენს.
მსგავსი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ტრაგედია ევროპას მოუწყო "დიპ სტეიტმა", კონკრეტულმა მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათი კონტროლის ქვეშ არსებული აგენტურული მთავრობების ხელით!
ოლიგარქების მოქმედების ხელწერას თუ გავითვალისწინებთ - ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის. წლების მანძილზე მწყობრად ანგრიეს ევროპა - ახლა კი თავადვე ატარებენ კვლევებს, წერენ შედეგებს და გვეუბნებიან, რომ თურმე, ევროკავშირი ღრმა კრიზისშია. ცხადია, თავიანთ გაფუჭებულს ისევ იმ ხალხს, იმ მარიონეტ ბიუროკრატებს დააბრალებენ, ვინც მათი დავალებით უთხრიდა ძირს კონტინენტის კეთილდღეობას.
როდესაც "დიპ სტეიტის" მოქმედების ამ მეთოდზე ვსაუბრობ - მუდამ მახსენდება ჯეი დი ვენსის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად ცინიკური გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან ევროკავშირის მანკიერებები საჯაროდ ამხილა, უთხრა, რომ მიგრანტების კრიზისმა, ქრისტიანობის დაკნინებამ და სიტყვისა და გამოხატვის უპატივცემულობამ კავშირი დემოკრატიის კრიზისამდე მიიყვანა - თუმცა, ვენსს რატომღაც არ დაუწყია ამ პრობლების შემოქმედის ძიება, რადგან კარგად ვიცით, რომ "დიპ სტეიტია" სათავე ამ უბედურების. ის "დიპ სტეიტი", რომელსაც თავად ჯეი დი ვენსი წარმოადგენს!
კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ Ipsos - ის კვლევის მთავარ აქცენტებს, რომელიც "დიპ სტეიტმა" შემოგვთავაზა - გარდა იმისა, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს უკიდურეს უკმაყოფილებას დემოკრატიული მმართველობის მიმართ, მათ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად, საშიშად ესახებათ. ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა. კვლევის, ანუ "დიპ სტეიტის" ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება. ის, რითაც ევროპა მუდამ ამაყობდა - ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, თავისუფალი არჩევნები, ქრისტიანული ფასეულობების პატივისცემა, კონკურენტუნარიანი ბაზარი და ჯანსაღი ეკონომიკა - ეს ყოველივე ხალხის მმართველობის შედეგი იყო. ჭეშმარიტი დემოკრატიით შექმნეს ერთმანეთზე უკეთესი და მდიდარი ქვეყნები ევროპელებმა, ხოლო, მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა დემოკრატია გამოშიგნეს, ხალხის მმართველობა აგენტურის მმართველობით ჩაანაცვლეს, აგენტების ხელით ქვეყნები გააღარიბეს და გადაგვარების პირას მიიყვანეს, დღეს კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე - დემოკრატიამ ვერ და ვერ გაამართლა.
აქაც მოკლედ გავაანალიზოთ - თუ რას გულისხმობს „დიპ სტეიტის“ ახალი ნარატივი, რაც არის კიდეც Ipsos-ის კვლევის მთავარი სათქმელი, რომ თითქოს დემოკრატიამ, მმართველობის ამ ფორმამ არ გაამართლა. ოლიგარქები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ გაამართლა ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობებმა. უფრო მეტიც, ამ სათქმელით არაფორმალური მმართველები ევროკავშირში არსებულ მძიმე სიტუაციას სწორედ ხალხის არჩევანს აბრალებენ და დამნაშავედ ისევ ხალხი გამოჰყავთ. გამოდიან მოცემულობიდან, რომ დღეს ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ცალსახაა, მაგრამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად მათი ვერსიის მიღება გულუბრყვილობა იქნება. ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ცალკეული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია - ისინი სწორედ „დიპ სტეიტის“ დანიშნულ და მართულ აგენტურას წარმოადგენენ. ამიტომ, ჩანასახშივე აბსურდია მსჯელობა დემოკრატიული მმართველობის უუნარობაზე, როდესაც ხალხს საერთოდ წართმეული აქვს არჩევნის უფლება. ხალხს დააბრალო მთავრობის სისუსტე, ხოლო მმართველობის ფორმას უწოდო უფუნქციო, როდესაც მის არჩევაში და სისტემის ფუნქციონირებაში საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია - მარტივი, მაგრამ კარგად შეფუთული სატყუარაა. რადგან ყველაფერი ზედაპირზე დევს, დროა პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას - რაში სჭირდებათ ოლიგარქიულ ოჯახებს მათი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანა და განტევების ვაცის ძიება მათივე აგენტურულ მთავრობებში? რაში სჭირდებათ მათ "დემოკრატიულ მმართველობაზე" ასეთი შეტევა? საქმე იმაშია, რომ ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის! ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე, კონტინენტის, როგორც ერთგვარი კორპორაციის ხელში ჩაგდება და საკუთრებაში გადაყვანა. ამ შედეგსაც ოლიგარქები თითქოსდა ხალხის ნების გათვალისწინებით, ხალხის ხელით დაალაგებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Ipsos-ის კვლევა და "დემოკრატიაზე" განაწყენებული, გაბრაზებული და უიმედო საზოგადოების წინა პლანზე გამოტანა, რათა შემდეგ მათ მმართველობის ახალი ფორმა "შესთავაზონ", ეს ახალი ფორმა კი სწორედ კორპორაციული მმართველობა იქნება“, - წერს შათირიშვილი.
0
0