25/01/2026
22:59

ეს არის ევროპის დასასრული, რეალური დასასრული, როცა ის კარგავს თავის სუბიექტობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროპა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სუბიექტი საზოგადოების თვალწინ კარგავს ამ სუვერენობას, იდენტობას და სუბიექტობას.
„გრენლანდიის საკითხის უკან ბევრად უფრო სერიოზული რამ დგას ანუ აღმოჩნდა, რომ არქტიკის ათვისების თვალსაზრისით ტექნოლოგიურად რუსეთი უფრო წინ არის, ვიდრე შეერთებული შტატები. შეერთებულ შტატებს შტატების უდიდესი ნაწილი ნაყიდი აქვს და არა ბრძოლით მოპოვებული“, - განაცხადა შათირიშვილმა.
ფილოსოფოსის თქმით, მოვიდა დრო, როდესაც შეერთებული შტატები და რუსეთი აღარ არიან ერთმანეთის პირდაპირი მოწინააღმდეგეები.
„ის, რომ ტრამპი დღეს ამბობს, რომ მისი მთავარი მტერი არის ნატო და გაერო, ეს არის არა უბრალოდ სუბიექტური, ფსიქოლოგიური ახირება, არამედ რეალობა. ნატო დღეს არის პასიური, რომელიც ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ, უნდა გადავაგდოთ, ხელს გვიშლის. ტრამპმა გამოიყენა ფრაზა, რომ „ტანგოს ორი მოცეკვავე სჭირდება“, ახლა არის ეს მომენტი, როდესაც ისინი ტანგოს ცეკვავენ“, - აღნიშნა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ყველაფრის ფსიქოლოგიამდე დაყვანა.
„ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ ყველაფერი დავიყვანოთ ფსიქოლოგიაზე და ფსიქიკურ აშლილობამდე, როგორც პუტინის ასევე ტრამპის, უნდა დავინახოთ ის ძირითადი ტენდენციები, რაც ამ ყველაფრის უკან არის. ალგორითმი არის არა პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი. თუ რაღაც მომენტში ჩინეთი განიხილებოდა, როგორც პირდაპირი მეტოქე და მტერი, ახლა ეს ყველაფერი შემოვლითი გზებით ხდება, რაც დიდ დროში გვაფიქრებინებს, რომ რეალურად ეს რაღაც ერთი ადამიანის ახირება კი არ არის, არამედ არის ტენდენცია, რომლის უკანაც დგანან სერიოზული კოლექტიური სუბიექტები“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
0
0