საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცნობილ ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას, 40 წლის იუბილეს ულოცავს.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კალათბურთით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მისი, როგორც კალათბურთელის, დებიუტი თბილისი „ვითაში“ შედგა და მალევე თამაში თურქულ „ულქერში“ განაგრძო. კლუბის შემადგენლობაში ის თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
ზაზა ფაჩულიას ნიჭი შეუმჩნეველი არც აშში დარჩენიათ. 2003 წელს 19 წლის ქართველი კალათბურთელი „ორლანდო მეჯიკის“ მაისურით უკვე NBA-ში თამაშობდა. სპორტსმენი ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში „მილოუკი ბაქსის“, „ატლანტა ჰოუკსის“, „დალას მავერიქსის”, „გოლდენ-სტეიტ უორიორსისა“ და „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავდა.
2017 წელი ზაზა ფაჩულიას კარიერისა და ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებით ისტორიული აღმოჩნდა. ზაზა გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პირველობა მოიგო. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა ჩემპიონობა ხელმეორედ 2018 წელსაც იზეიმა.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა და 1171 მატჩი გამართა. საქართველოს ნაკრების მაისურით მან 75 შეხვედრაში 1236 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ევროპის ოთხ ჩემპიონატზე ითამაშა.
ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, აქტიურ სპორტს კი 2019 წელს გამოეთხოვა.
ქართველი კალათბურთელი ღირსების ორდენისა და სპორტის რაინდის წოდების მფლობელია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ზაზა ფაჩულიამ კალათბურთის აკადემია შექმნა, რომლის მიზანიც საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაცია, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მოთამაშეების მომზადებაა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს საიუბილეო თარიღს ზაზა ფაჩულიას და მას დიდ წარმატებას უსურვებს.
0
0