
ბავშვებს არ ჰქონდათ სტატუსი და ეს სტატუსი მიენიჭათ. შეიქმნა მულტიდისციპლინარული გუნდი და დღეს სპეციალისტი თითოეულ ბავშვს იკვლევს. უმთავრესი კი იყო ის, რაც დღეს მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყდა, – ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაქრო გვიშიანის თქმით, ეს იყო ურთულესი ბრძოლა არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც.
„შევაფასებ ერთწლიანი ბრძოლის პერიოდს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ სტატუსი და ეს სტატუსი მიენიჭათ. ბუნებრივია, მათ აქვთ სოციალური პაკეტი და ფიზიოთერაპიით უფასოდ სარგებლობენ. მეორე, დიდი გამარჯვება იყო ის, რომ შეიქმნა მულტიდისციპლინარული გუნდი და დღეს სპეციალისტი თითოეულ ბავშვს იკვლევს. მესამე და უმთავრესი კი იყო ის, რაც დღეს მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყდა. ეს უდიდესი გამარჯვებაა.
ეს მარტივი არ ყოფილა – ურთულესი ბრძოლა იყო არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ სახელმწიფოებში, ასე სრულყოფილი, რაც მე ჩამოვთვალე – სტატუსი, მულტიდისციპლინარული გუნდი და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა – უახლოეს პერიოდში არ არის მარტივად მისაღწევი არც განვითარებულ ქვეყნებში.
ამიტომ, პირველ რიგში, უღრმესი მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პროცესში ჩაერთო და ჩართვიდან უმოკლეს დროში აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდა. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს, მადლობა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, რომლებიც პროცესში ჩაერთნენ. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ასევე, მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად ინტერესდებოდნენ საკითხით. ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვისა და პაციენტის უფლებები სრულად იყოს დაცული, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
0
0